მარკეტა გრეგოროვა - „მწვანეებმა“ ხმა მივეცით მიხეილ სააკაშვილის შესახებ შესწორებას, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პერსონალური სანქციების წინააღმდეგ წავედით, რადგან ვერ ვხედავთ ამის საფუძველს
„მწვანეებმა“ ხმა მივეცით სააკაშვილის შესახებ შესწორებას, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პერსონალური სანქციების წინააღმდეგ წავედით, რადგან ვერ ვხედავთ ამის საფუძველს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ორი ტიპის შესწორება იყო. ერთ-ერთი მათგანი იმეორებდა წინა რეზოლუციის ტექსტს, სადაც საუბარი იყო მის სანქცირებაზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე არსებული გავლენების გამო. ისევე, როგორც ადრე, არც ახლა დავუჭირეთ ამას მხარი და ხმა წინააღმდეგ მივეცით, რადგან ვფიქრობთ, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს ლეგალური საფუძვლები. ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. იყო მეორე შესწორებაც, რომელიც ამბობდა, რომ თუკი მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, მაშინ უნდა დასანქცირდეს, ამას ვეთანხმებით. თუ ეს დადასტურდა მტკიცებულებებით, მაშინ ის იმავე კატეგორიაში უნდა იყოს, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი, ვინც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება. ამას მხარი დავუჭირეთ“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ევროპარლამენტარის თქმით, მნიშვნელოვანია, მან მიიღოს სათანადო მკურნალობა.
„ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციაა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და როგორ უარესდება ის. ვფიქრობ, საქართველოში სიტუაციას და მის მისწრაფებებსაც გაართულებს, თუკი ის ციხეში გარდაიცვლება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მან მიიღოს სათანადო მკურნალობა. ჩვენ ასევე საკმაოდ შეშფოთებულები ვართ მძიმე მეტალებით მისი შესაძლო მოწამვლით. ასე რომ, გვსურს ამ საკითხის დამოუკიდებლად გამოძიება და შემდეგ რეაგირება. მაგრამ მანამდე ის უნდა გადარჩეს. ამიტომ გვსურს მისი გადაყვანა სადმე, სადაც ეს იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ ის შეიძლება, გასამართლდეს და მოიხადოს სასჯელი. ამ შესწორებას ჩვენ, „მწვანეებმა“ მხარი დავუჭირეთ, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ხოლმე იმას, რაც ჯანმრთელობას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. როგორც ხედავთ, ტექსტი საკმაოდ გრძელი და დეტალურია. რა თქმა უნდა, კრიტიკა ახლა ყველაზე დიდ ყურადღებას მიიპყრობს, ბუნებრივად ასე ხდება ხოლმე, მაგრამ დანარჩენი ტექსტი არის იმის დაფასება, რაც უკვე გაკეთდა“, – აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.
მისი თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი უკვე შესრულებულია.
„რა თქმა უნდა, არის დარჩენილი საკითხები და ახლა ამაზე უნდა მივმართოთ ძალისხმევა. სხვა მხრივ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პროგრესი აქვს და იქაც, სადაც საკამათოა, რეფორმები ტარდება. ჩვენ ვაფასებთ ამას. რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ზოგიერთი მიმართულებით წინსვლაა. იმედი მაქვს, რომ ხალხი საქართველოში ამასაც დაინახავს არა როგორც ევროპული მისწრაფების დაბლოკვას, არამედ გამოიტანს დასკვნებს, რა უშლით ხელს, რა უნდა გაკეთდეს. მათ აქვთ მკაფიო გზა, ჩვენ სწორედ ის გვინდა, რომ გზა მკაფიოდ ჩანდეს. ჩვენ, „მწვანეებმა“ ანგარიშს მთლიანიბაში მხარი დავუჭირეთ, ხმა მივეცით სააკაშვილის შესახებ შესწორებას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ შესწორებებს, პერსონალური სანქციების შესწორების წინააღმდეგ წავედით, რადგან ვერ ვხედავთ ამის სამართლებრივ საფუძველს, მაგრამ მხარი დავუჭირეთ ნაწილს, რომელიც გამოძიებას ეხება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.