მარკეტა გრეგოროვა - მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად განიხილეთ პირობები და აჩვენეთ პროგრესი, იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით 
მარკეტა გრეგოროვა - მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზულად განიხილეთ პირობები და აჩვენეთ პროგრესი, იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით 

ევროპარლამენტის წევრის, მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, სვენ მიქსერის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება, მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, განახორციელლოს რეფორმები 2022 წლის დასასრულამდე.

„მადლობა ბატონ მიქსერს ამ რეზოლუციის მომზადებისთვის. მას ბევრ რამეში ვეთანხმები, განსაკუთრებით იმაში, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად ისტორიული მნიშვნელოვანი პერიოდია. საქართველომ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რეფორმები 2022 წლის დასასრულამდე და ეს არ არის ამოცანა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და ადმინისტრაციისთვის, არამედ ეს ეხება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დემოკრატიულ ზედამხედველობას. საჭიროა საარჩევნო რეფორმის დასრულება და საარჩევნო კამპანიის ხარვეზების აღმოფხვრა ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ასევე აუცილებელია სასამართლო რეფორმის გატარება და მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაში ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. თავისუფალი ანტიკორუფციული სამსახურების ჩამოყალიბება საქმეების ეფექტურად გამოძიების მიზნით და საჯარო სამსახურებში კეთილსინდისიერების პრინციპების, ინტერესთა კონფლიქტის საკანონმდებლო ნორმების აღსრულება აუცილებელი ნაწილია კორუფციის, დეოლიგარქიზაციისა და სახელმწიფოს მიტაცების წინააღდეგ ბრძოლაში. ჩვენ წლებია, ვუთითებთ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე. საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ ევროინტეგრაციის სურვილს. ეს მოიცავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მაღალ სტანდარტებს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გთხოვთ, სერიოზულად განიხილეთ პირობები და აჩვენეთ პროგრესი ჩამოთვლილ რეფორმებში. იმუშავეთ ყველასთან ერთად პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით. ეს არ არის პარტიების და ინდივიდების შესახებ. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის და ამ მომენტში არავინ, თქვენი თავის გარდა, არ გაჩერებთ კანდიდატის სტატუსის მიღებისგან“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე​ ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინა.