მარკეტა გრეგოროვა - მე ძალიან შევეცდები, ვურჩიო ოპოზიციას, დაიკავონ კუთვნილი ადგილები პარლამენტში
მარკეტა გრეგოროვა - მე ძალიან შევეცდები, ვურჩიო ოპოზიციას, დაიკავონ კუთვნილი ადგილები პარლამენტში

ის, რაც ვნახეთ, ძალიან სერიოზულია იმისთვის, რომ ვთქვათ, არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი პრობლემების გარეშე, სამართლიანად და გამჭვირვალედ. შემდგომშიც გაგრძელდება მთავრობის ნაბიჯების დაკვირვება, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოსა და ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით, რადგან ეს მხოლოდ დაადასტურებს დემოკრატიის უკუსვლას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ყურადღებით დააკვირდება ახალი მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, PACE-ის მოსმენის შემდეგ ველოდები, რომ ისინი გაიზიარებენ ევროპარლამენტის შეხედულებას ამ საკითხზე და ივნისში მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ არ გადაიხედება. ვფიქრობ, კვლავ რჩება დიდი კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოხდება მოგვიანებით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ამჟამად შეიცვლება. რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვი, ყველა ძალიან ყურადღებით დააკვირდება ახალი მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს. მე არ ვარ არც მოსამართლე და არც იურისტი. ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, როგორ არის ეს ქართული კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა მე ძალიან შევეცდები, ვურჩიო ოპოზიციას, დაიკავონ თავიანთი კუთვნილი ადგილები, რომლებიც მრავალი მოქალაქის მხარდაჭერით მოიპოვეს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ისინი პარლამენტში უნდა ისხდნენ. თუ ისინი დაინახავენ, რომ შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება რაიმე მიზეზის გამო, რაც შეიძლება მოხდეს, მაშინ შეიძლება დატოვონ ადგილები, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ ჯერ ისინი ეცდებიან“, – განაცხადა გრეგოროვამ.

ამასთან, გრეგოროვას კითხვა დაუსვეს ოპოზიციის განცხადებებზე, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

„მე ჯერ არ მომისმენია განცხადებები. თუ მათ გააკეთეს განცხადებები, რომ არ აღიარებენ შედეგებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ ისინი გადადგამენ სამართლებრივ ნაბიჯებს, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა შეამოწმონ, არის თუ არა შედეგები ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, შემდეგ ვნახავთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი ამაზე. როგორც თავიდანვე ვთქვი, რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური შეშფოთება ბიულეტენების ჩაყრასთან ან რამდენჯერმე ხმის მიცემასთან დაკავშირებით და სანამ ეს ეჭვები არ გაქარწყლდება, ჩვენთვის, ეუთოსთვის, ოდირისთვის და ყველა სხვისთვის, მე ვერ შევძლებ კომენტარის გაკეთებას იმაზე, თუ ვინ მიიღო სარგებელი არჩევნების შედეგებიდან და ვის მიადგა ზიანი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიღაცამ, სავარაუდოდ, მიიღო“, – განაცხადა გრეგოროვამ.