მარკეტა გრეგოროვა - გავეცანი „ქართული ოცნების“ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად, ბედნიერი ვარ, რომ არის გეგმა და პოლიტიკური ნება
გავეცანი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად. მომეწონა, რომ გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ოპოზიციის მონაწილეობა. დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება, ნამდვილად ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
„მთავრობა, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია პროცესში ჩართული უნდა იყოს და ერთად იმუშაონ. ჩვენ შეიძლება, იმპლემენტაციის პროცესში პრობლემებს გადავაწყდეთ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არსებობს გეგმა და პოლიტიკური ნება, რადგან ამას ველოდებოდით. მე მოვუწოდებდი ყველას, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობისკენ. რაც გეგმის მიხედვით წერია, ძალიან კარგად გამოიყურება ფურცელზე. მე ისიც ვიცი, ვიმეორებ, რომ პრაქტიკაში სირთულეები შეიძლება იყოს. ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა, სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ყველა არ იქნება მზად, მაშინ გეგმა ფურცელზე დარჩება და ამის ნახვა მე არ მსურს. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც ჩაერთვება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მარკეტა გრეგოროვას კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.