მარკ რუტე - ალიანსის მიზანს წარმოადგენს უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი გახდება.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე ჩანს, რომ უკრაინა 33-ე წევრი იქნება“, – განაცხადა რუტემ, თუმცა აღნიშნა, რომ თეორიულად შესაძლებელია, მას სხვა ქვეყანამ დაასწროს.
ამჟამად ოფიციალურად ნატო-ს წევრობის კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინაა, ალიანსში გაწევრიანების დაპირება, კონკრეტული თარიღების მითითების გარეშე, ასევე აქვთ უკრაინასა და საქართველოს.
„თუ არის კონკრეტული კითხვა „როდის?“ ამ კითხვაზე პასუხს ახლა ვერ გავცემ, ამ მომენტში“, – თქვა რუტემ და აღნიშნა, რომ ამჟამად მოკავშირეები მუშაობენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალი „ხიდის“ მშენებლობაზე.
მოსალოდნელია, რომ დღეს ბრიუსელში რუტე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. გუშინ კი, ზელენსკიმ უმაღლეს რადაში გამოსვლისას უკრაინის ე.წ. გამარჯვების ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა.
გეგმის პირველი პუნქტი უახლოეს მომავალში ნატო-ში გაწევრიანების ფორმალური მიწვევის მიღებას წარმოადგენს. თუმცა დასავლური მედია, წყაროებზე დაყრდნობით, სკეპტიკურად აფასებს უკრაინის მიერ ასეთი მიწვევის მიღების შესაძლებლობას. ვაშინგტონშიც აცხადებენ, რომ ამისთვის ამჟამად პირობები არ არსებობს. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას და ამ ზრახვებზე უარის თქმას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებს.
ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი განიხილეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო კვირებსა და თვეებში ეს მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამჟამად ალიანსის მიზანს წარმოადგენს უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „ძალის პოზიციიდან“ აწარმოოს.
ბრიუსელში ზელენსკი ასევე შეხვდება ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
უკრაინის პრეზიდენტი თავის „გამარჯვების გეგმას“ ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს წარუდგენს.