მარკ რუტე - ალიანსი უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაში, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალის პოზიციიდან
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაში, თუმცა ეს უნდა მოხდეს ძალის პოზიციიდან. ამის შესახებ რუტემ ლატვიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მარკ რუტეს თქმით, მხოლოდ კიევს შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულების შესახებ.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა განაგრძონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რათა ქვეყანამ მოლაპარაკებების წარმართვა ძალის პოზიციიდან შეძლოს.
„მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია, გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან და როგორ დაასრულოს ეს ომი. თუმცა მათ ეს ძალის პოზიციიდან უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ თავდაცვითი დახმარების მიწოდება უკრაინისთვის, რათა მათ მიეცეთ საშუალება, იყვნენ ძლიერ მდგომარეობაში, როდესაც ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მარკ რუტემ.