მარკ პრიტჩარდი - 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე რეაგირება უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, საქართველო არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, არ ვიხილავდით დონბასისა და ყირიმის ოკუპაციას
მარკ პრიტჩარდი - 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე რეაგირება უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, საქართველო არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, არ ვიხილავდით დონბასისა და ყირიმის ოკუპაციას

2008 წელს რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, საქართველო არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, მარკ პრიტჩარდმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს.

ბრიტანელი დეპუტატის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

„დიდი ბრიტანეთი სრულად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წელს რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, საქართველო არ იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა და ჩვენ არ ვიხილავდით არც დონბასისა და ყირიმის ოკუპაციას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს, ვაღიაროთ, რომ დროა ყველა ჩვენგანი გაერთიანდეს და სანქციები განაახლოს.

ჩვენ ყველა ერთიანად უნდა აღვუდგეთ წინ რუსეთის აგრესიას. უკრაინის მერე ვინ იქნება შემდეგი? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ბალტიელი კოლეგები, რომლებსაც ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს სხვადასხვა სამხედრო მისიის ფარგლებში, არიან ჰიბრიდული თავდასხმების მოწმეები. ამიტომ, ჩვენ ერთიანობა გვჭირდება“,- განაცხადა მარკ პრიტჩარდმა.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრის თქმით, აბსოლუტურად უპირობოა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისისთვის წინააღმდეგობის გაწევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების გამოყენებით და დაუშვას ისინი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

„როგორც ქართველმა კოლეგებმა შეგვახსენეს, საქართველოს მოქალაქეების გატაცება გრძელდება, ადგილი ჰქონდა უკანონო დაკითხვას, წამებას, ეს წამება გრძელდება და აბსოლუტურად სწორია, რომ ამ ასამბლეამ უნდა დაგმოს ასეთი ქმედებები. მინდა გითხრათ, რომ დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, თუმცა ის არ ტოვებს ევროპას და იქნება ჩართული უფრო აქტიურად როგორც ნატო-ს, უშიშროების საბჭოს, დიდი შვიდეულის წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვას მშვიდობიანი დემოკრატიული გზით, თუმცა არასდროს მოვერიდებით პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერას, თუ ამის აუცილებლობა იქნება“,- განაცხადა მარკ პრიტჩარდმა.