მარკ მაკკორდი - ქართულ ტელეინდუსტრიაში ნამდვილად კარგ პოტენციალს ვხედავთ
ქართულ ტელეინდუსტრიაში ნამდვილად კარგ პოტენციალს ვხედავთ, ამიტომაც კინოინდუსტრიის გაძლიერებას ვუწყობთ ხელს, – ამის შესახებ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა განიხილეს, რომელიც საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ხელშეწყობას ისახავს მიზნად იმ სექტორების წახალისებით, რომლებსაც ახალი სამუშაო ადგილების შექნის დიდი პოტენციალი აქვთ. ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში 600 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს დახმარება და ოთხი ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ პროგრამამ საკუთარი მასშტაბური კვლევისა და ანალიზის შედეგად, ოთხი პრიორიტეტული სექტორი შეარჩია, როგორიცაა: ტურიზმი [სადაც გასტრონომია და კულინარიაც შედის], ავეჯისა და შესაფუთი მასალების წარმოება, ტელევიზია და კინოინდუსტრია, ინტელექტუალური სერვისები.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის განმარტებით, პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და რეგიონები აქტიურად იქნებიან ჩართული.
„პირველ რიგში ჩვენ გვსურს, რომ ინკლუზიურ ზრდას მივაღწიოთ. განსაკუთრებით გვინდა, რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანები რაც შეიძლება მეტად იყვნენ ჩართული და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ. გვსურს, რომ ყველა რეგიონში შეიქმნას მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და ხალხის ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ. ეს პროგრამა არ არის გათვლილი მხოლოდ ურბანულ განვითარებაზე, ის მთელი საქართველოს მასშტაბზეა“, – განაცხადა მაკკორდმა.
მისი მოსაზრებით, ქართულ კინო და ტელეინდუსტრიას განვითარების კარგი პოტენციალი აქვს.
„კინო-ტელეინდუსტრიის სფეროში ნამდვილად კარგ პოტენციალს ვხედავთ საქართველოში, ამიტომაც ვმუშაობთ კინომწარმოებლებთან, ტელეპროდუქციის შემქმნელებთან. გვსურს შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ ამ სექტორებს და ვანახოთ საქართველოს ის ლამაზი ადგილები, სადაც გადაღება შეიძლება. ვცდილობთ, გავაძლიეროთ კინოინდუსტრიის კლასტერი“, – განაცხადა მაკკორდმა.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა დააკონკრეტა პროგრამის ძირითადი მექანიზმები, რაც პოტენციურ ბენეფიციარებს პროგრამაზე წვდომას გაუადვილებს.
„ვცდილობთ, ამ პროგრამაზე წვდომა, რაც შეიძლება გამარტივებული იყოს. ამიტომ რამდენიმე მექანიზმი გვაქვს. პირველია ოთხი მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი საგრანტო პროგრამა. ეს იმ მცირე და საშუალო საწარმოებზეა გათვლილი, ვისაც აქვთ შესაბამისი კონცეფცია და სამუშაო ადგილის შექმნის პოტენციალი. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში აქცენტი ინოვაციაზე გაკეთდება, რაც ინკლუზიურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამჟამად გვაქვს უნარების განვითარებაზე მიმართული პროგრამა და სტანდარტებისა და სერტიფიცირების პროგრამის განხორციელებასაც ვაპირებთ. ასევე, გვექნება პროდუქტების განვითარების საგრანტო პროგრამა. გვსურს, ბაზარზე ახალი პროდუქტები დავინახოთ, იქნება ეს ტურიზმისა თუ მსუბუქი მრეწველობის სფეროში, მთავარია ინოვაციური იყოს. დახმარების კიდევ ერთი მექანიზმია 1.5 მილიონ აშშ დოლარის მოცულობის პარტნიორობის განვითარების ფონდი, რომელიც უფრო კომპლექსური დასაქმების განვითარებას ისახავს მიზნად. ეს იქნება კატალიზატორი სხვა სახის ზრდისთვის და საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ცნობადობას გაზრდის. კიდევ ერთი დახმარების მექანიზმი არის ტექნიკური დახმარება, რომლის ფარგლებშიც ექსპერტული დახმარება და გამოცდილება შეგვიძლია შევთავაზოთ, რაც საწარმოების ფინანსებზე წვდომას გაზრდის და მათ მდგრად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს“, – განუცხადა მარკ მაკკორდმა „ბიზნესპარტნიორს“.