ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA), ისევე როგორც მსოფლიოს სხვა წამყვანი სპორტული ლიგები, კორონავირუსის პანდემიის გამო, გაურკვეველი დროით არის შეჩერებული. ორგანიზაციის კომისარი ადამ სილვერი ჯერჯერობით სეზონის განახლებასთან დაკავშირებით არავითარ კონკრეტულ განცხადებებს არ აკეთებს. როგორც ცნობილია, ლიგა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელიც კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაზეა დამოკიდებული.
„დალას მავერიკსის“ მფლობელი მარკ კუბანი WFAA-სთან ინტერვიუში საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
„რა თქმა უნდა, კონკრეტულად რაიმეს თქმა ამ ვითარებაში უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა, თუ აზრს მეკითხებით, მიმაჩნია, რომ სეზონი 1 ივნისამდე, უფრო მაისის შუა რიცხვებში განახლდება. მე ამას სპეციალისტებთან და შესაბამის ადამიანებთან საუბრის შემდეგ ვაცხადებ“.