მარკ კლეიტონი - საარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ და ველოდებით ახალ მთავრობას, ამ ეტაპზე სანქციებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება
მარკ კლეიტონი - საარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ და ველოდებით ახალ მთავრობას, ამ ეტაპზე სანქციებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება

საარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ და ველოდებით ახალ მთავრობას, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული, ამ ეტაპზე სანქციებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

ელჩმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთი შეუერთდეს აშშ-ის სანქციებს.

„უზომოდ ამაყი ვარ დიდი ბრიტანეთის ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციებით. ჩვენ საარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ და ველოდებით ახალ მთავრობას, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული. ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ მაშინ დროულად მივცემთ რჩევას, თუ რა ვარიანტები შეიძლება მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, მოგიწევთ დაბრუნება და ჩემთვის ან ჩემი შემცვლელისთვის ამის კითხვა“, – განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

ამასთან, კლეიტონს ჰკითხეს, რომ თუ დიდ ბრიტანეთს აქვს უფლება ჰქონდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მსგავსი კანონი, რატომ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას საქართველოში.

„ეს კანონი არ არის ძალაში დიდ ბრიტანეთში, რადგან ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიის შუაგულში და, რეალურად, კანონი არ არის ძალაში. ამ კანონის წინა ისტორია არის ის, რომ 2018 წელს რუსეთი შეეცადა სკრიპალების მოკვლას დიდ ბრიტანეთში. ამის საპასუხოდ მე გამომაგდეს მოსკოვიდან. პარლამენტმა გამოიძია ეს თავდასხმა და 2019 წელს გამოქვეყნდა ანგარიში. 2020 წელს ეს ანგარიში იქნა გამოქვეყნებული და პარლამენტმა უპასუხა. კანონმდებლობა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ეხება უცხოურ გავლენას გაერთიანებულ სამეფოში, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული. ჩვენთან ჯერ არის ძალაში რეესტრი, რომელიც ამას ასახავს. ეს ხდება თავდასხმიდან ხუთი წლის შემდეგ. ეს არის მედიასთნ, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საჯარო სექტორთან დისკუსიის, დებატებისა და კონსულტაციების ხუთი წელი, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ეს კანონი სწორად მივიღეთ.

მოგიწოდებთ, მითხრათ, რამდენი ხანი და რამდენი დებატი, დისკუსია იყო საქართველოში ამ კანონზე? ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს ბევრად ნაკლებია“,-  განაცხადა კლეიტონმა.

რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, კითხვაზე, რას უნდა ელოდოს საქართველო ევროპული საბჭოსგან ამ კვირაში, ელჩი პასუხობს:

„ამის შესახებ ჩემს ევროპელ კოლეგას უნდა ჰკითხოთ, თუ რის თქმას აპირებს ევროკავშირი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან ნათელია. 30 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდში ედგა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ. სუვერენიტეტი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავად განსაზღვრავს საკუთარ არჩევანს. თუ თითოეული გამოკითხვა, რომელიც ოდესმე მინახავს, აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თუ ყველა დიდი პარტია ამბობს, რომ ეს არის თქვენი მიზანი, ეს თქვენს კონსტიტუციაშია, მაშინ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს მას, ვინაიდან ეს არის სუვერენული არჩევანის მთავარი აზრი“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.