მარკ კლეიტონი - პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.
დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა განიხილეს ორი ქვეყნის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობა სავაჭრო-ეკონომიკური და განათლების მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.
ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა და პოზიტიურად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ჩართულობა დიალოგის პროცესში. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის სიღრმესა და სიძლიერეზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროიდან, იცის ჩვენი ურთიერთობის სიძლიერე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თუმცა მის ახალ ამპლუაში დღევანდელი შეხვედრით მოგვეცა საუბრის საშუალება ჩვენი ურთიერთობების სიღრმეზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, განათლება, ინგლისური ენის სწავლება, სხვა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე და განვიხილეთ ყველა მხარის მზაობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს. მოკლედ შევეხეთ ევროკავშირის მოდერატორის ჩამოსვლას. მოუთმენლად ველით წინსვლის შემდგომ გაგრძელებას საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირების სფეროში, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია გადაწყვეტის პოვნისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.