მარჯანიშვილის თეატრში ჯანრი კაშიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
კოტე მარჯანიშვილის თეატრში ჯანრი კაშიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თეატრში ახალციხის დასმა სპექტაკლი „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“ წარმოადგინა.
ჯანრი კაშიას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს გარდაცვლილის მეუღლე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ერთმოქმედებიანია, რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა დადგა.
როგორც რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მსოფლიო დრამატურგია ყველაზე მეტად მედეას პერსონაჟით იცნობს, ჯანრი კაშიას მხრიდან კი მედეას გმირზე ხმამაღლა საუბარი გმირობის ტოლფასია.
„თეატრი თეატრში – ეს პრინციპი ავიღეთ, თუ როგორ იდგმება ეს პიესა პროვინციულ თეატრში. რეალურად მთავრდება ბატონ ჯანრი კაშიასთან. ასე არის, რომ მთავრდება მედეას ამაღლებით. ამაღლებით ყველა იმ მიწიერ და მატერიალისტურ აზროვნებაზე, რომელიც დახვდა აქ მზის შვილიშვილს. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საკმაოდ ოპტიმისტურია ფინალი იმ თვალსაზრისით, რომ მაღალი იდეალები მაინც რჩებიან მაღალ იდეალებად და მაინც ვერ ცვლის მატერიალისტური აზროვნება. ბატონი ჯანრის იდეა იყო, რა საკვირველია და თვითონ სპექტაკლში გარკვეული ფორმით მაქსიმალურად შევინარჩუნეთ, რომ არ დაგვეკარგა არამხოლოდ სიუჟეტი, არამედ სული, იდეა თვითონ ამ პიესის“, – განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.