მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე მიხაილ ბარიშნიკოვმა სპექტაკლ „ბროდსკი/ბარიშნიკოვის“ გენერალური რეპეტიცია გაიარა
მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ლეგენდარულმა მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა და მსახიობმა მიხაილ ბარიშნიკოვმა სპექტაკლ „ბროდსკი/ბარიშნიკოვის“გენერალური რეპეტიცია გაიარა. მიხაილ ბარიშნიკოვი ქართველი მაყურებლის წინაშე დადგმით ხვალ წარდგება.
„ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ ერთი მსახიობის წარმოდგენაა და ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული.
დადგმის იდეა და რეჟისურა ცნობილ ლატვიელ რეჟისორს ალვის ჰერმანისს ეკუთვნის. პლასტიკის ელემენტების მქონე სპექტაკლში ბარიშნიკოვი ბროდსკის ლექსებს რუსულ ენაზე კითხულობს. ზოგჯერ მას ბროდსკის ხმის ჩანაწერი ცვლის.
ცნობილია, რომ ბარიშნიკოვი და ბროდსკი მეგობრები იყვნენ. მათ ერთმანეთი 1974 წელს ნიუ-იორკში გაიცნეს და ბროდსკის სიკვდილამდე მეგობრობდნენ.
სპექტაკლს „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ ლატვიაში, ისრაელში, იტალიაში, აშშ-ში, ინგლისსა და გერმანიაში დიდი წარმატება ხვდა წილად და ახლა მას უკვე საქართველოში ნახავენ.
„ბარიშნიკოვი ხომ დიდი მოცეკვავეა, მაგრამ, ამავდროულად, ყოველთვის ანგარიშგასაწევ მსახიობად ითვლებოდა, ხოლო ის, თუ როგორ ეპყრობა ის ენას, სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია. ვფიქრობ, მათთვისაც კი, ვინც დადგმას მხოლოდ სუბტიტრული თარგმანით ნახავს“,- ასე აფასებენ მის შემოქმედებას თეატრის კრიტიკოსები.