მარჯანიშვილის ქუჩაზე „ჯეოსელის“ ოფისიდან მობილური ტელეფონების მოპარვა სცადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 წელს დაბადებული ა. ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

„ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ვადით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ჯ. ს. და ა. ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შსს-ში.