მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთს 9 მაისს ქალაქში „აღლუმის“ გამართვა სურს
რუსეთს 9 მაისს მარიუპოლში „აღლუმის“ გამართვა სურს, – მედიის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.
ანდრიუშენკოს თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქის „მერად“ გამოცხადებულმა კოლაბორანტმა კონსტანტინ ივაშენკომ „აღლუმის“ ჩასატარებლად მარიუპოლის ცენტრალური რაიონის ნანგრევებისა და ცხედრებისგან გაწმენდის დავალება გასცა.
„არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ოკუპანტები გეგმავენ, „სპეცოპერაციის“ წარმატების შემთხვევაში, 9 მაისის „გამარჯვების კარნავალი“ სწორედ მარიუპოლში ჩაატარონ“, – განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.
ანდრიუშენკოს განმარტებით, ქალაქში ამგვარი ღონისძიებების ჩასატარებლად არც ტექნიკაა და არც ხალხი.
მარიუპოლი აზოვის ზღვის უმსხვილესი საპორტო ქალაქია. ქალაქი, სადაც 100 ათასამდე ადამიანია დარჩენილი, რუსეთის ძალებს უკვე რამდენიმე კვირაა, ალყაში ჰყავთ.