მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სრულ იურიდიულ ანექსიას სექტემბრამდე გეგმავს
რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სრულ იურიდიულ ანექსიას სექტემბრამდე გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პიოტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს თავის რეგიონებად მოიხსენიებს.
„გუშინ რუსეთის ახალგაზრდობის განათლების პროპაგანდის მინისტრმა განცხადების ფორმით, ისაუბრა, როგორ ჩაატარებენ საგანმანათლებლო პროცესს „რუსეთის“ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. არანაირი კვაზირესპუბლიკები და სატელიტები. არაფერი იმალება“, – აღნიშნა ანდრიუშენკომ.
მარიუპოლის მერის მრჩეველის ცნობით, რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების, საბანკო და საკანონმდებლო სისტემა რუსულ სისტემაზე გადაჰყავს.
ანდრიუშენკოს თქმით, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიების პირველი სექტემბრისთვის იურიდიული ანექსიის გეგმა.