მარიუპოლის მერი საერთაშორისო პარტნიორებს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მწვანე დერეფნის შექმნას სთხოვს
მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ქალაქში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობს და საერთაშორისო პარტნიორებს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მწვანე დერეფნის შექმნას სთხოვს. ამის შესახებ ბოიჩენკომ საერთაშორისო მედიაცენტრთან ისაუბრა.
მარიუპოლის მერის მონაცემებით, ამჟამად ქალაქში დაახლოებით 100 000 მცხოვრებია დარჩენილი. მისი ინფორმაციით, ქალაქში არ მუშაობს კანალიზაცია, არ ხდება ნაგვის გატანა, არ არის სასმელი წყალი, რის გამოც არსებობს ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება.
„სამწუხაროდ, ქალაქში სიტუაცია ძალიან რთულია, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ამას გარდა, რთულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზაფხულში გართულდება. ბევრი მასობრივი სამარხია, რადგან რუსებმა ბევრი ადამიანი მოკლეს. არ ხდება ნაგვის გატანა. ქალაქში არ მუშაობს კანალიზაცია, თითქმის არ არის წვდომა სასმელ წყალზე. ყველაფერმა ამან შეიძლება, ინფექციური დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს, რის შედეგადაც, ჩვენი ექიმების მონაცემებით, ამ ზაფხულს მოსალოდნელია გარდაცვალების იმდენივე შემთხვევა, რამდენიც ამ გამანადგურებელ და სასტიკ ომს ემსხვერპლა. საუბარია ათასობით ადამიანზე, რომელიც მარიუპოლში კვდება. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, გაერთიანდნენ, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის სტაბილური ზონა შეიქმნას. ჩვენ გვჭირდება სტაბილური მწვანე დერეფანი, რათა ჩვენმა ძვირფასმა მარიუპოლელებმა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეძლონ“, – განაცხადა ბოიჩენკომ.