მარიუპოლიდან 20 აპრილს ჰუმანიტარული დერეფნით ოთხი საევაკუაციო ავტობუსი გავიდა
20 აპრილს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით ოთხი საევაკუაციო ავტობუსი გავიდა, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის გაგრძელება დღესაც იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.
მისი ცნობით, 21 აპრილს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია გაგრძელდება.
„გუშინდელი ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან ოთხმა საევაკუაციო ავტობუსმა შეძლო გამოსვლა. მათ ღამე გაათენეს ბერდიანკაში და ახლა ვასილიევკისკენ მიემართებიან. მალე ველოდებით მათ ზაპოროჟიეში“, – აღნიშნა ვერეშუკმა.
ავტობუსებში ჩასხდომა ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან დაიწყება. ვერეშუკი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების მხრივ რთული სიტუაციის გამო შესაძლოა, ცვლილებები მოხდეს, ამიტომ ის მოსახლეობას მოუწოდებს, ოფიციალურ ინფორმაციას თვალი ადევნონ.
მარიუპოლი პირველი მარტიდან რუსეთის ძალებს ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქში დაახლოებით 100 ათასი ადამიანია დარჩენილი.