მარინე ჩიტაშვილი - 2012 წელს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არანაირი ცვლილება არ მოხდებოდა
მარინე ჩიტაშვილი - 2012 წელს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არანაირი ცვლილება არ მოხდებოდა

2012 წელს, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, არანაირი ცვლილება არ მოხდებოდა, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ჩვენ აღმოვჩნდებოდით ზუსტად იგივე სიტუაციაში, როგორშიც ახლა არა მარტო რუსეთის ფედერაცია, კიდევ ბევრი სხვა ქვეყანაა. იქ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად წარმატებით გადაინაცვლებდა, უვადოდ იქნებოდა და ა.შ. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის, როგორც ერთჯერადად პროგრესული პოლიტიკური აქტის ავტორის მიმართ, არანაირი პრეტენზია არ მაქვს“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

მისი თქმით, თუ გარედან შევხედავთ, ეს იყო ერთჯერადი პოლიტიკური აქტი, რომელიც მან წარმატებით დაასრულა და წავიდა, მაგრამ როცა ნახა, რომ საფრთხე ექმნება მის პროექტს, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს, ან უნდა, რომ მისმა პარტიამ განახორციელოს, საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე.

„ვთვლი, რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა, ბიძინა ივანიშვილი არა ერთჯერადად, არამედ რეალურად შემოდის პოლიტიკაში“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას შეგრძნება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რეალურად არის შემოსული, რადგან საზოგადოება მის კომენტარებს ვერ ისმენს თუნდაც, დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როცა უმრავლესობის სხდომაზე რაღაც მოხდა, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდა, მარინე ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლახან, დედა გარდაეცვალა და ამიტომ, მისი ძალიან კარგად ესმის, რადგან როდესაც ცხოვრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მიდის, არასწორია, ადამიანს თუნდაც, პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარების გაკეთება მოვთხოვოთ.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ბევრ რამეს აკეთებს, თუ ამას კულტურული და სოციალური პროექტების სახით შევხედავთ.

„მისი გადასაწყვეტია, ამას როგორ გააკეთებს, მაგრამ ის ამას აკეთებს“, – განაცხადა მარინე ჩიტაშვილმა.