მარინა კალიურანდი - მოვუწოდებ ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, მოძებნონ გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს
მსურს, მოვუწოდო ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, შეიკრიბონ და მოძებნონ გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ხალხის იმედებს და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ ჯგუფის წევრმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
„საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს იყო მოულოდნელი, რადგან მიღწეული იყო მკაფიო და მრავალპარტიული კონსენსუსი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია ღელვა საზოგადოებაში და ხალხი ქუჩაში გაიყვანა. მსურს, მოვუწოდო ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, შეიკრიბონ და მოძებნონ გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ხალხის იმედებს და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. როგორც სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა, მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორი მათი ქვეყნების დემოკრატიული რეფორმებისადმი და ევროპული მისწრაფებებისადმი ევროპარლამენტის სრულ მხარდაჭერაში“, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.