ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი - მოვუწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით ოპოზიციას, გააკეთონ ყველაფერი, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი - მოვუწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით ოპოზიციას, გააკეთონ ყველაფერი, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

მივესალმები საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების დაცვით არის მიღებული და იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკურ და მედიალანდშაფტში პოლარიზაციის დაძლევას, – ამის შესახებ ​სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„მისასალმებელია, რომ საქართველოში ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის მიმართ რეკორდულ ნიშნულზე რჩება, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ჩვენს სოლიდარობას იმსახურებს. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე და უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.

მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში არის საუკეთესო ჩარჩო საქართველოს პროგრესის შესაფასებლად და გამოწვევებზე ღიად სასაუბროდ.

„მივესალმები ცოტა ხნის წინ მიღებულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების დაცვით არის მიღებული და იმედი მაქვს, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკურ და მედიალანდშაფტში პოლარიზაციის დაძლევას. მე ასევე გამოვყოფდი ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისკენ მიმართულ ნაბიჯებს. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და განსაკუთრებით ოპოზიციას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა გარანტირებული იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 31 ოქტომბერს. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.

მისი თქმით, საქართველოს არაერთი შთამბეჭდავი რეფორმა აქვს გატარებული.

„ცხადია, ზოგიერთ სფეროში მეტის გაკეთებაა საჭირო. ეს სფეროებია, მაგალითად, გარემოს დაცვა და დაუცველი ჯგუფების დისკრიმინაციასთან ბრძოლა. ასევე, მართალია, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, სადაც კანონის უზენაესობა უნდა იყოს განმტკიცებული. ბოლოს კი მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას „კოვიდ-19“-ის კრიზისთან სამაგალითოდ გამკლავება“, – დასძინა მარინა კალიურანდმა.