მარინა კალიურანდი - კრიზისიდან გამოსავალი თუ არ მოიძებნება, ევროკავშირის მხრიდან გადაფასება მოხდება, შესაძლოა შემცირდეს მაღალი დონის ვიზიტები, გადაიხედოს ფინანსური ინსტრუმენტები
ვიდრე საქართველო დემოკრატიული რეფორმების და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეა, თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი თუ არ მოიძებნება, ევროკავშირის მხრიდან გადაფასება მოხდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სოციალ-დემოკრატების ჯგუფის წევრმა, მარინა კალიურანდიმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა შემცირდეს მაღალი დონის ვიზიტები და გადაიხედოს ფინანსური ინსტრუმენტები.
„საქართველო არის ევროკავშირის ძალიან ახლო პარტნიორი. ახლაც, მედიაციის პროცესით და საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტით, თქვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსადმი ძალიან სერიოზულია. ევროკავშირი მაქსიმალურად მაღალ დონეზე მოწოდებულია, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დარეგულირდეს. ევროკავშირი საქართველოს ზურგს არ შეაქცევს. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვიდრე საქართველო, ქართველი ხალხი დემოკრატიული რეფორმების, ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციის, ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერების გზაზეა, რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა თუ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ მოიძებნება, გარკვეული ცვლილებები იქნება, ევროკავშირის მხრიდან მოხდება გადაფასება“, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.
ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამ მხრივ დამოკიდებულება არ შეიცვლება, თუმცა პოლიტიკური კრიზისის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი-საქართველოს კავშირი ისეთივე მჭიდრო აღარ იქნება.
„ევროკავშირი არასდროს აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, წერტილი. ამ საკითხით არავინ უნდა ისპეკულიროს. ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს აღიარებს ოკუპაციას, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი კავშირები შესაძლოა, აღარ იყოს ასეთი მჭიდრო, შემცირდეს მაღალი დონის ვიზიტები, შესაძლოა, გადაიხედოს ფინანსური ინსტრუმენტები. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამას ექნება გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე და მე არ მსურს, სათანადოდ არ შევაფასო ეს. თუ გაიხსენებთ განცხადებას, რომელიც 10 დღის წინ გაკეთდა ევროპარლამენტის შვიდი წევრის მიერ, რომელთა შორის ერთ-ერთი მე ვიყავი, ის მოიცავდა ევროპარლამენტში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ხშირად არ ხდება, რომ კონსერვატორები და ლიბერალები ერთსა და იმავეს ამბობდნენ. ეს კი სწორედ ეს შემთხვევა იყო, რადგან ჩვენ გვსურს ძალიან მკაფიოდ, ღიად და გულახდილად განვუცხადოთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ მათ არ აქვთ დრო, მათ უნდა იმოქმედონ. თუ ისინი არ იმოქმედებენ ახლა, ამას ექნება გავლენა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე.
მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი საქართველოს არასდროს მიატოვებს. ოკუპაციის არაღიარება და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გაგრძელდება. თუმცა პოლიტიკური კრიზისის დაურეგულირებლობა შესაძლოა, აისახოს კონკრეტულ პოლიტიკაზე“, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.