მარინა კალიურანდი - დილიდან ვაკვირდებით არჩევნებს, ვხედავთ, ხალხი მუშაობს, ამომრჩეველი მოდის
ესტონელი ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს დილიდან აკვირდება.
მისივე თქმით, ამომრჩევლისთვის ხმის მისაცემად საჭირო პირობებია შექმნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა გაუადვილდეთ.
„ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს 07:30 საათიდან, რომ ვნახოთ, როგორ გაიხსნა საარჩევნო უბნები, როგორ დაილუქა საარჩევნო ყუთები. ვხედავთ, რომ ხალხი მუშაობს, ამომრჩეველი მოდის, არის მოწყობილი პირობები, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობა გაუადვილდეთ.
ჩვენ ვიყავით დრამის თეატრში, სადაც ძალიან ვიწრო კიბეა და მგონია, რომ იქ არ იქნება არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის ადვილი ხმის მიცემა, მაგრამ ამიხსნეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წინასწარ დარეგისტრირდნენ. ამიტომ ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია, თუმცა საბოლოო შედეგებამდე კიდევ რვა საათია“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.