მარინა კალიურანდი - ჩემი გზავნილია, ვთხოვო ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს, ეს ხალხის მომავალს ეხება
მომხსენებელთა მისია მიემართება საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები, ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას საქართველოს შესახებ, – განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა იმ შეთავაზების თაობაზე, რომელიც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.
„ამ საკითხის მიმართ ვიქნებით დიდი ყურადღებით. როგორც იცით, მომხსენებელთა მისია მიემართება საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები. ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას საქართველოს შესახებ. ამდენად, ამ ეტაპზე, სხვა დეტალების შესახებ საუბარი არ შემიძლია. ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში ქართველ კოლეგებთან ერთად“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.
მისი ინფორმაციით, ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები ბოლოს მალტაში იმყოფებოდნენ.
„სხვადასხვა სახის მისიები შეიძლება, იყოს – ოფიციალური ან არაოფიციალური. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც შეხვედრებს ვმართავთ საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრებთან. ევროპარლამენტს სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს“, – აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ.
მისი თქმით, იგი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და იმისათვის, რომ აქცენტები იყოს თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, იგი დღევანდელ შეხვედრაზე გამოსვლის ტექსტს ვებგვერდზეც ატვირთავს.
„მე ვარ ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ესტონეთის ყოფილი ელჩი ექვს ქვეყანაში. ამრიგად, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ. მე მაღელვებს ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა განვლო, რა გზაზეც დღეს საქართველოა. ეს გზა სავსეა გამოწვევებით. დღეს ესტონეთი წარმატებული ქვეყანაა – მას შეუძლია ევროკავშირის წევრობით მიღებული ყველა სარგებლის გამოყენება“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
ევროპარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა ახალი საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტზე.
„იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევენ კონსენსუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩემი გზავნილია, ვთხოვო ორივე მხარეს – ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება“, – აღნიშნა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.