მარინა კალიურანდი - არიან განსხვავებული პარტიები გასხვავებული შეხედულებებით, მაგრამ რაღაც მომენტში დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი აზროვნებით
ყველა პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური მრავალფეროვნება. ფრაქციები უნდა ფორმირდებოდეს თავისუფლად. ამ კუთხით უნდა ვაღიარო ის კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის, არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული.
კალიურანდის განცხადებით, ოპოზიციის უფლებები ერთ-ერთი მთავარი საკითხია 19 აპრილის შეთანხმებაში.
„თეორიაში ჩვენ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, შემდეგ არის პრაქტიკა და ამ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. მინდა დავიწყო იმის აღნიშვნით, რომ ოპოზიციის უფლებები ერთ-ერთი მთავარი საკითხია 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმდა. კერძოდ, ამაზე საუბარია მეოთხე თავში. ყველაფერი იწყება ძალაუფლების განაწილებით. ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება თავმჯდომარე ორ გადამწყვეტ კომიტეტში, ასევე ერთი ოპოზიციონერი იქნება თავმჯდომარე გადამწყვეტ საპარლამენტო დელეგაციაში. დამატებით სხვა პოზიციები განაწილდება სამართლიანად და გამჭვირვალედ. ბოლოს, 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერმა პარტიებმა უნდა აწარმოონ ჟან მონეს დიალოგი, რომლის მონაწილე მეც გახლავართ და რომლის დაწყებასაც ველოდებით. ოპოზიცია არის საპარლამენტო დემოკრატიის შემადგენელი კომპონენტი. ოპოზიციის მთავარი ფუნქცია არის სანდო და ალტერნატიული არჩევნების შეთავაზება. ეს არის ბუნებრივი და დემოკრატიული. დემოკრატიას საფუძვლად უდევს ის, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივი საქმეების მართვაში და პარლამენტის მრავალფეროვნება უნდა ასახავდეს აზრთა მრავალფეროვნებას. მე მინდა გავუსვა ხაზი საპარლამენტო დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. პირველი ეს არის სამართლიანი წარმომადგენლობა და მეორე არის ძალაუფლების განაწილება“, – განაცხადა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარის თქმით, პარლამენტის ზედამხედველობა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰყავთ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელიც ატარებს რეფორმებს და ემსახურება ხალხის ინტერესებს.
„პოლიტიკური მრავალფეროვნება უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პარლამენტში. ფრაქციები უნდა ფორმირდებოდეს თავისუფლად. ამ კუთხით მე უნდა ვაღიარო ის კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ვინც ხელი მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწევს ოთხიდან ორ პროცენტამდე, ხოლო ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა შვიდის ნაცვლად ოთხი იქნება. შარშან საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმულია გეოპოლიტიკური პრიორიტეტები, მათ შორის ამბიციური მიზანი, რომ ევროკავშირი აპირებს 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთებას.. მე მინდა გავუსვა ხაზი ერთ საკითხს, საქართველომ უნდა დაგვარწმუნოს, რომ მან პრაქტიკულად შეასრულა ის პრინციპები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი. ეს არის მმართველი პარტიისა და ყველა ოპოზიციური პარტიის პასუხისმგებლობა. მე კიდევ ერთხელ ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ მათ მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რადგან ეს ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ქართველი ხალხის მომავლისადმი ერთგულები არიან. პარლამენტის ზედამხედველობა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰყავთ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელიც ატარებს რეფორმებს და ემსახურება ხალხის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ითამაშებს მნიშვნელოვან როლს“, – განაცხადა კალიურანდმა.
მარინა კალიურანდმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიციას მარტო უფლებები არ გააჩნია, მას აკისრია პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.
„უმთავრესი არის, რომ ისინი არჩევნების დროს ხალხის მიერ გადაცემულ მანდატს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ასევე, ოპოზიცია უნდა მიჰყვეს ეთიკურ ნორმებს და სტანდარტებს. ევროპარლამენტმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ თუ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, მაშინ არჩეულმა დეპუტატებმა უნდა აიღონ მანდატი. ბოიკოტის ადგილი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული პარტია უკმაყოფილოა შედეგებით. თანამედროვე მომწიფებული დემოკრატია ასე რა მუშაობს. სწორედ ამიტომ ვითხოვდი ასე დაჟინებით, პარლამენტის ყველა წევრისგან მანდატის მიღებას.პასუხისმგებლობა და უფლებები ერთად არსებობენ და იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი ამას მიხვდება და ისინი ერთად იმუშავებენ იმ დღის წესრიგზე, რომელიც რეფორმების წინ წაწევას და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას ითვალისწინებს, რაც უკეთესია ქვეყნისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის. არსებობენ განსხვავებული პარტიები და გასხვავებული შეხედულებები, მაგრამ რაღაც მომენტში დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოებრივი აზროვნებით“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.