მარინა კალიურანდი - არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს
მარინა კალიურანდი - არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს

ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, გადალახეთ პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა განსაზღვრული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ბევრი დრო არ არის დარჩენილი ოქტომბრამდე, როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, მიმდინარე ვითარება გამოწვევებით სავსეა.

„დღეს უფრო მეტად მსმენელის პოზიციაში ვიყავი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით; როგორ ჩაიარა უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტმა, როგორ მიმდინარეობს რეფორმები და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, გადალახეთ პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა განსაზღვრული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე, რადგან შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ბევრი დრო არ არის დარჩენილი ოქტომბრამდე, როდესაც ანგარიში გამოქვეყნდება. მე ვიცი, რომ ყველა პრიორიტეტი არ არის შესრულებული და ამასთანავე, გვესმის ახალი ამბავი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, გვესმის სიახლეები, რომ რუსულ ფრენებს იღებს თბილისი, თუ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, მიმდინარე ვითარება გამოწვევებით სავსეა. გთხოვთ, რომ დასხედით ერთად და შეასრულეთ ვალდებულებების თქვენი ნაწილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, გქონდეთ პოზიტიური ანგარიშის იმედი“, – განაცხადა კალიურანდმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს და კითხვას, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელი განმარტება მიიღო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან საკითხთან დაკავშირებით, როგორც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, მანდ მიიღო განმარტება, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის სავარაუდო დარღვევა მოხდა.

„ეს საკითხები შეიძლება, იყოს შიდა თემა, მაგრამ, რა საკვირველია, მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა. ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპარლამენტში, ის ძალიან ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, ასე რომ, ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თუ სხვა ამბებსაც გავითვალისწინებთ, კი არის შიდა საკითხები, მაგრამ მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა, რადგან, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე, თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს. მე მივიღე განმარტება, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის სავარაუდო დარღვევა იყო. მე არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს“, – განაცხადა კალიურანდმა.

ამასთან, კალიურანდმა უპასუხა კითხვას, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საქართველოს ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ეს იქნება რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომლის წინასწარმეტყველება დღეს არ შეუძლია.

„ვერ გეტყვით მოლოდინებზე, არ ვიცი, რადგან საბოლოო ჯამში, იქნება ძალიან ტექნიკური ანგარიში 12 პრიორიტეტზე და ძალიან პოლიტიკური გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსზე, მოლაპარაკებების დაწყებაზე თუ გაფართოების პაკეტის უფრო მეტად გაფართოებაზე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, რომელიც 27 წევრი სახელმწიფოს მიერ იქნება მიღებული. ჩემთვის რთულია სპეკულაციები და არ ვარ იმ პოზიციაში, რომ შედეგებზე ვისაუბრო. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ უკვე, რომ საქართველო იყო გამოცალკევებული უკრაინისა და მოლდოვისგან, როდესაც თქვენ სტატუსი ვერ მიიღეთ. ვიტყვი, რომ ეს გეოპოლიტიკურად სწორი არ იყო. მაგრამ პოლიტიკოსებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური მიზნებით, თავიანთი ქვეყნებისთვისა და ევროკავშირის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ეს რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომლის წინასწარმეტყველება მე დღეს არ შემიძლია“, – განაცხადა კალიურანდმა.

ამასთან, კითხვაზე საქართველო თუ ვერ მიიღებს პოზიტიურ გზავნილს, მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ ეს პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, კალიურანდმა განაცხადა:

„ეს განცხადება წლებია, მესმის და ჩემი ერთადერთი გზავნილია, შეწყვიტეთ პოლარიზაციის გაღრმავება და ამ არგუმენტებს აღარასდროს გავიგებთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.