მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდებისა და ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდებისა და ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ ჰყავს.

ამ დროისთვის მათ ცენტრში 44 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

„ჩვენთან ახალი შემთხვევები, ახალი პაციენტები არ წვანან. ამ ეტაპზე 44 „კოვიდ“-დადებითი პაციენტი გვიწევს, აქედან ორი არის პრობლემური პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მაინც ჯერ პროგროზირება შეუძლებელია, დაკვირვებას საჭიროებენ. ამ 44-დან 14 მძიმე პნევმონიითაა, მაგრამ ეს პაციენტები მართვას ექვემდებარებიან და მათთან პროგრესირება არ გვაქვს“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, დამაკმაყოფილებელია შვიდი მოზარდის მდგომარეობაც.

„შვიდი მოზარდის მდგომარეობა ასევე დამაკმაყოფილებელია. ველოდებით შესაბამისი დღეების გასვლას, რომ მათ გამოჯანმრთელების პისიარ (PCR) ტესტი ჩავუტაროთ. გუშინ შემოსულ ერთ საეჭვო პაციენტთან პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის ცხრა თვის ბავშვს ჩივილები არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ცხრა თვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩივილები არ აქვს, ჯერჯერობით სტაბილური სიტუაციაა, ველოდებით ორი კვირის გასვლას, რომ მათთანაც განმეორებით დავიწყოთ ტესტირებაზე მონიტორინგი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების მონიტორინგს, ეზუგბაიას თქმით, დღეს ტესტი ახალ პაციენტებს არ ჩაუტარდებათ, ვინაიდან ამ ეტაპზე კლინიკაში მხოლოდ უკვე დადასტურებული პაციენტები ჰყავთ.

„ვინაიდან ჩვენთან ახლა მხოლოდ დადასტურებული პაციენტები გვიწევს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ მონიტორინგს ვაწარმოებთ ჩვენი ძველი პაციენტების და დღეს მონიტორინგისთვის არ ვიღებთ არცერთ ანალიზს. ვნახოთ, ხვალ სიტუაცია როგორი იქნება. წინა დღეებში უარყოფითზე ტესტირებული პაციენტების მონიტორინგი გაგრძელდება, ხოლო ახალი პაციენტების მონიტორინგი ალბათ ხვალიდან დაგვეწყება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.