მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, პაციენტები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, პაციენტები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

მისივე თქმით, პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან.

„გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 647 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა მხოლოდ ხუთი და ამ ეტაპზე გვყავს 652 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი იყო 372, 11 შეემატა და ახლა არის – 383.

ეს ხუთივე პაციენტი არის ცნობილი წყაროდან. ესენი იყვნენ ყველანი საკარანტინო სივრცეში და იქიდან არიან გადაყვანილები სხვადასხვა კლინიკაში. ჩვენთან ამ ხუთი პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი“, – განაცხად ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტი რჩება.

„ჩვენს ცენტრში რჩება უცვლელი სიტუაცია, 33 დადასტურებული პაციენტი გვყავს. გამოჯანმრთელებული დღეს ჩვენ არ გვყავს. გვრჩება იგივე რაოდენობა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაიას განცხადებით, კრიტიკულ პაციენტთან სტაბილიზაცია კვლავ ნარჩუნდება.

„ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომელსაც გახსენებთ თქვენ ყოველდღე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც სტაბილური სიტუაცია, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებ. მძიმე პაციენტები აღარ გვყავს. ძირითადი პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, გამოიყენეს თუ არა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან პლაზმის მეთოდი, ეზუგბაიამ ასე უპასუხა:

„ამასთან დაკავშირებით ერთობლივად, როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ ამ გამოყენებული მკურნალობის ეფექტურობა მივიღეთ და პაციენტი იქნება უკვე გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი, შემდეგ ვილაპარაკოთ“,- დასძინა ეზუგბაიამ.