თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 20 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ოთხს პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენებთან დაავადება მსუბუქად ვითარდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 ადამიანი წევს.
„გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა 29 პაციენტის გამოკვლევა, 28-სთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, მხოლოდ ერთის მივიღეთ დადებითი. დღეს დილისთვის ექვსი პაციენტის ტესტირება არის ჩასატარებელი. ეს ერთი პაციენტი დაემატა 14-ს და გახდა 15. მოგვიანებით შემოყვანილია დადასტურებული ხუთი შემთხვევა, ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 20 დადასტურებული შემთხვევა. მათზე გვაქვს ოთხი წყარო. ერთი არის ირანის ისტორია და გვყავს ორი პაციენტი. მეორე პაციენტი არის იტალია და გვყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც შემოემატა ხუთი პაციენტი და ამ წყაროდან გახდა ექვსი პაციენტი. შემდეგი წყარო არის იტალიის ერთ-ერთი ქალაქი, ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტი, ორი ოჯახი და ამათთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი. 11 ადამიანი არის ერთი წყარო. ერთი პაციენტია ესპანეთის ისტორია. ჯერ რჩება უცვლელი სიტუაცია, ერთი მძიმე პაციენტი გვყავს. მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, მაგრამ არ უარესდება. სტაბილური სიტუაციაა. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს სამი პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა მეოთხე პნევმონია და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქად გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით. მათი მდგომარეობა არ პროგრესირებს და არ უარესდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებული ბავშვის მდგომარეობას, ეზუგბაია აცხადებს, რომ ეს დაავადება ბავშვებში მსუბუქად ვითარდება და შესაბამისად, დაავადებული ბავშვის მდგომარეობაც მსუბუქია.