მარინა ეზუგბაია - როგორც კი ინფექციურ საავადმყოფოში შესაბამისი სერვისის მოწესრიგება დასრულდება, თითოეულ კორპუსში პაციენტების მიღება განახლდება
სიახლე არ არის, რომ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ერთი კლინიკა, რომელიც გაატარებს და უხელმძღვანელებს ინფექციურ დაავადებაზე პაციენტებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ თენგიზ ცერცვაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, როგორც კი ინფექციურ საავადმყოფოში შესაბამისი სერვისის მოწესრიგება დასრულდება, თითოეულ კორპუსში პაციენტების მიღება განახლდება.
„სიახლე არ არის, რომ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ერთი კლინიკა, რომელიც გაატარებს და უხელმძღვანელებს ინფექციურ დაავადებაზე პაციენტებს. ეს თემა მუდმივად აქტუალურია მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია 2009 წელს გაიყიდა. აქტუალური იქნება და დარჩება, ვიდრე საკითხი არ გადაწყდება. განცხადება მოისმინეთ თქვენ რამდენჯერმე, რომ უკვე გამოყოფილია თანხა ჩვენი ახალი ცენტრის შესაძენად. ახლა ტექნიკურ სამუშაოებზეა ლაპარაკი. იმედი მაქვს, დაწყებული საქმე გაგრძელდება და დაგვირგვინდება კეთილად. სამუშაოები, რომელიც უკვე დავიწყეთ, დაახლოებით, სამ კვირას მაინც გაგრძელდება, მაგრამ რომელი სერვისების მოგვარებასაც მოვასწრებთ, იმისდა მიხედვით თანდათანობით, ეტაპობრივად განხორციელდება კოვიდინიფიცირებული პაციენტების მიღება. ჟანგბადის მიწოდების სერვისის გამართვა ხდება თავიდან ბოლომდე და როგორც კი გაიმართება თუნდაც ერთ კორპუსში მაინც, იმ ერთი კორპუსიდან დავიწყებთ პაციენტების მიღებას. ალბათ, რამდნიმე დღე დაგვჭირდება ამ საქმიანობისთვის. დანარჩენი ეტაპობრივად, როგორც კი დასრულდება შესაბამისი სერვისის მოწესრიგება, თითოეულ კორპუსში პაციენტების მიღება განახლდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა განცხადება სათაურით – სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო. ცერცვაძემ განცხადებაში აღნიშნა, რომ ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახით არსებობას ალტერნატივა არ აქვს და ამას ყოველდღიური პრაქტიკაც ადასტურებს.