მარინა ეზუგბაია - რეგულაციებს თუ სწორად შევასრულებთ, პიკურ მაღალ მაჩვენებელს არ მივაღწევთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ შეინიშნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, თუმცა რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია პიკური მაჩვენებლის თავიდან აცილება.
„მატება ჯერჯერობით შეინიშნება. პიკი როდის იქნება, მე ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია, რათა ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი მაღალი, როგორსაც ველოდებით წესით და კანონით. ეს ციფრები ყოველთვის არ არის რეალობასთან დაკავშირებული. იცით, რომ ტესტების რაოდენობას უკავშირდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 500-600 შემთხვევა ძირითადად არის ხოლმე დასვენების დღეებში, როცა ტესტირების რაოდენობა არ არის მაღალი. კორელაციაშია ესენი ერთმანეთთან. თუ ამას გავასაშუალოებთ, ძირითადად ერთნაირად მიდის. არის ტენდენცია მატების, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის და კიდევ ერთხელ ვიძახი – რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით მატებაზე, ამისთვის აუცილებელია წესების დაცვა, რეკომენდაციების სრულად შესრულება, პირბადე, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა. მოლოდინი არ მაქვს მაღალი. მოქალაქეების, თქვენი, პირადად ჩემი პასუხისმგებლობა თუ გაიზრდება და ჩვენ რეგულაციებს შევასრულებთ სწორად, დავიცათ ყველა რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფოს მიერ მოწოდებულია შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჩვენ პიკურ მაღალ მაჩვენებელს არ მივაღწევთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.