მარინა ეზუგბაია - პაციენტის განმეორებითი ინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის კორონავირუსით მეორედ დაინფიცირება, ანუ რეინფიცირება ორგანიზმში, ერთეული შემთხვევების გარდა, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, განმეორებითი ინფიცირების დროს, ორგანიზმს მანეიტრალიზებელი ანტისხეულები აქვს, რითაც დაავადებას ებრძვის.
„ზოგადად, ინფექციური პროცესის კანონია, რომ ერთხელ გადატანილი დაავადების შემდეგ განმეორებითი ინფიცირება, გარკვეულწილად, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, რადგან ჯერ ორგანიზმს მაინც აქვს, ასე ვთქვათ, მანეიტრალიზებელი ანტისხეულები. არის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არ არის საკმარისი იმუნიტეტისთვის, მაგრამ გარკვეულწილად, დაავადებასთან საბრძოლველად ორგანიზმი ამას იყენებს. რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.
ვიცით, დღესდღეობით იმუნიტეტის ხანგრძლივობა და მისი ხარისხი არ არის ცნობილი. შესაძლებელია, იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს იქნება ერთეული შემთხვევები. ამ ეტაპზე, ერთეულ შემთხვევებზე ლაპარაკი ნაადრევია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.