მარინა ეზუგბაია - ნუ გავთამამდებით, „დარჩი სახლში“ უნდა გაგრძელდეს
მარინა ეზუგბაია - ნუ გავთამამდებით, „დარჩი სახლში“ უნდა გაგრძელდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ასეთი სტაბილური მონაცემები შენარჩუნდება, შესაძლოა, ივარაუდონ, რომ ვირუსის პირველი შემოტევა გადალახულია.

თუმცა, ეზუგბაიას თქმით, ამით მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს.

„მოსახლეობას მინდა, მივმართო, მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნისა, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება. აკრძალვებისა და შეზღუდვების პერიოდში არსებული სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესებას ნუ ვეცდებით. მე მუდმივად გთხოვთ და ახლაც გეუბნებით, თვითშეზღუდვები დავიწესოთ.„დარჩი სახლში“ მემგონი უნდა დარჩეს, ოღონდ აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი, გავიდეთ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელ საქმეზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღეა, შეინიშნება ძალიან ხალხმრავალი ადგილები ქუჩებში, ეზოებში.

მე გთხოვდით, მოსახლეობას ვთხოვდი, რომ მაინც თავი შევიკავოთ, აუცილებელი საქმის გარეშე ნუ გავალთ სახლიდან, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. მიღებული შედეგების გამყარებისთვის აუცილებელია, რომ ჯერჯერობით, მეტ-ნაკლებად ჩვენი თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ. ქვეყანას სჭირდება განვითარება, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები და აკრძალვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ ჩვენ, ყველამ, საზოგადოების თითოეული წევრი ეცადოს, ძალიან გაგებით მოეკიდოს ამ სიტუაციას, ეცადოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები თავყრილობები გვქონდეს და თითოეულმა ნაკლებად მივიღოთ მონაწილეობა. ეს ჩემი თხოვნაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომის ბოლოს კორონავირუსის მეორე აფეთქება იყოს, თუ კი სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს შედეგი, ეზუგბაიამ უპასუხა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამის თქმის საფუძველი ექნება.

„დაავადებათა კონტროლმა ამის ახსნა თქვენ მოგცათ და მე არ განვმეორდები.  ამის ექსპერტი არ გახლავართ, ამიტომ მე ყოველთვის ვითხოვ თქვენგან და ყველასგან, ექსპერტები იყვნენ ის პირები, ვისაც აქვს შესაძლებლობა, სწორად განიხილონ. აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობს და ალბათ მათ აქვთ ამის საფუძვლები. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს მოხდება, ჩვენი კლინიკა და ყველა კლინიკა კვლავ გააგრძელებს იმ საქმიანობას, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ანუ კლინიკაში პაციენტების მოვლა“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.