მარინა ეზუგბაია - მაღალი ასაკის კრიტიკულ პაციენტთან ჩატარდა ჩვენ ხელთ არსებული ყველა სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო
„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთი ახალი პირი არის კარანტინის ზონიდან, დადასტურებული პაციენტის კონტაქტი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოვლინდა ახალი კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა და ამ დროისთვის ქვეყანაში სულ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 731-ს შეადგენს. ასევე, ოთხით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 526 გახდა.
„ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის საკარანტინო ზონიდან, დადასტურებულთან კონტაქტი.
თბილისის ინფექციურ კლინიკაში კი, ჩვენ გვყავდა 35 პაციენტი. ერთი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე გვრჩება 34 დადასტურებული პაციენტი. გუშინ ახალი ჩვენთან არ შემოსულა. სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. დღესაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია სიტუაცია, პროგრესირება არ შეიმჩნევა, პირიქით, გარკვეულწილად. რადიოლოგიური მონაცემების მხრივ, არ გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, მაგრამ ლაბორატორიული მონაცემებით და ობიექტური სტატუსით, დინამიკა გაუმჯობესებულია და ალბათ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს სამივე პაციენტთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
როგორც გაირკვა, აღნიშნულ პაციენტებს შორის არის ერთი ასაკოვანი პირი, რომელსაც პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა.
„ერთ-ერთი პაციენტია მაღალი ასაკის. როცა მაღალ ასაკს ვამბობთ, 80 წელზე მეტს ვგულისხმობთ. მას დიალიზი ჩაუტარდა. ეს ის კრიტიკული პაციენტია, რომელთანაც ჩატარდა ყველა შესაძლო, ჩვენ ხელთ არსებული სიახლე მკურნალობაში, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და შეიძლება ვთქვათ, რომ 80 წელს გადაცილებული პირის პროგნოზი ალბათ კეთილსაიმედოა. ეს უკვე ძალიან კარგია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კითხვაზე, აღნიშნული პაციენტის მკურნალობისას „რემდესივირი“ ან რომელიღაც სხვა უკვე დასახელებული მედიკამენტები ხომ არ გამოყენებულა, მარინა ეზუგბაიას თქმით, საუბარია პლაზმით მკურნალობაზე.
„რემდესივირი“ საიდან, როცა ქვეყანაში, ჩვენთან არ არის შემოტანილი. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი არის სიახლეზე, დიალიზზე, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.