მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინიფიცირების ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებთ, რომ არ გაგვიჩნდება
თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 42 პაციენტი წევს, ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 არის დადასტურებული.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კორონავირუსის ახალი დადასტურებული პაციენტები ინფექციურ საავადმყოფოში არ შეუყვანიათ.
„გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი და ერთი მძიმე. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღვრელი არის თან არსებული დაავადებები. გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ჩვენთან სამია და უკვე ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 85 მიუახლოვდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ახალი პაციენტების წყაროს, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ყველას წყარო ცნობილია.
„წყარო ყველა ცნობილია, ბოლო 10 დღეა ხედავთ, რომ ყველა პაციენტი არის არსებული წყაროს კონტაქტები, ან საკარანტინო სივრცეში არსებული პირები, რომლებიც პაციენტებად გადაიქცევიან დადასტურების შემდეგ და ეს საკარანტინო სივრცე ძირითადად არის ამ არსებული წყაროებიდან შევსებული ადამიანები. ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებთ, რომ ახალი წყარო არ გაგვიჩნდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.