მარინა ეზუგბაია - დღის მეორე ნახევარში ჩატარდება ტესტირება და იმედი მაქვს, გამოჯანმრთელებული კიდევ დაგვემატება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში დღეს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს.
მისივე თქმით, ჯამში ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცრებული 33 პაციენტი მკურნალობს.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ დღის მეორე ნახევარში ჩატარდება ტესტირება და იმედი აქვს, მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზრდება.
„ჩვენს ცენტრს დღეს, დღის მეორე ნახვერისთვის დაგვემატა ორი დადასტურებული პაციენტი, ეს ჩვენს ცენტრში დადასტურებული არ არის. არსებული კონტაქტების გამოკვლევისას, როგორც ვიცით, ორ პაციენტს კიდევ დაუდასტურდა ვირუსი და ეს ორი პაციენტი გადმოყვანილი იქნა ბინიდან ჩვენთან. ამ ეტაპზე უკვე 33 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. ჯერჯერობით 18 გაჯანმრთელებულია ჩვენგან გაწერილი, არ შეგვმატებია დღეს. დღის მეორე ნახევარში ჩატარდება კიდევ ტესტირება და ალბათ, იმედი მაქვს, კიდევ შეგვემატება გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში 21 გამოჯანმრთელებულია, იმ 19-ს კიდევ ორი დაემატა. საჩხერის ცენტრიდან გაეწერა გაჯანმრთელებული პაციენტი ჩვენს 18-თან ერთად, ჯამში არის 21“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაია ამბობს, რომ ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურად გაუმჯობესებულია.
„ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად რჩება გაუმჯობესებული, აქედან გამომდინარე ვლაპარაკობთ, რომ ალბათ შესაძლებელია მისი პროგნოზირება იყოს უკვე გარკვეულწილად გაუმჯობესებული და მასზე ვილაპარაკოთ, როგორც სტაბილურ პაციენტზე, დანარჩენების მდგომარეობა უცვლელია “, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია.