მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პრობლემურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა პრობლემურია.
როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, საქართველოში კორონავირუსის 44 შემთხვევაა დადასტურებული.
„ორი პაციენტი აჭარაშია, სამი ბოჭორიშვილის კლინიკაში, ოთხი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, დანარჩენი სამი საჩხერის კლინიკაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება.
„დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე 44 პაციენტიდან პრობლემური რჩება ოთხი პაციენტი. ჩვენი ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონები, ორი ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში, იქაც არის ორი პრობლემური პაციენტი. ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, დინამიკაში რომ გითხრათ, გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ ამ პაციენტებთან ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მათთან მოსალოდნელი არის დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ახალ ნიმუშებს, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ყველა ნიმუშზე პასუხი უარყოფითია.
„დღეს დილას ჩვენთან 15 ნიმუში გაკეთდა პასუხი ყველა ნეგატიური იყო. ახლა უკვე კეთდება რვა პაციენტზე ტესტირება. მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება, რომ ჩვენს ცენტრში ჩვენი ლაბორატორია აკეთებს ტესტებს, ამიტომ შემიძლია ასე თავისუფლად ამაზე საუბარი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.