მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ორივე შემთხვევაში არ არის ლაბორატორიული ცვლილებები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მდგომარეობა ორივე დაავადებული პაციენტის სტაბილურია. გუშინ ჯამში შემოვიდა 31 პაციენტი, ყველასთან ჩატარდა კვლევა, უარყოფითი იყო ჩვენთან ყველა პასუხი. გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჩვენთვის ცნობილი ყველა პასუხი ნეგატიურია. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯამურად 24 პირი, რომელსაც ნეგატიური პასუხი დაუდასტურდა, გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში, ხოლო დანარჩენი შვიდი პაციენტი, მათ აქვთ ა და ბე ტიპის ვირუსები, ზოგს ტემპერატურული რეაქციები ჰქონდათ და ამიტომ ისინი გადავიყვანეთ ჩვენივე ცენტრის სხვა განყოფილებაში, სადაც ჯერ მეთვალყურეობენ. ტემპერატურა რომ ნორმალიზდება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდება, ისინიც დატოვებენ დაწესებულებას და გადავლენ საკარანტინო სივრცეში. ყოველდღიურად შემოდიან პაციენტები, ხდება მათი შემოწმება სიტუაციის მიხედვით. ჯამში სიტუაცია მართვადია და ვნახოთ, რა იქნება. თუ მზარდი იქნება, ალბათ რომელიმე განყოფილებას კიდევ დავკეტავთ ჩვენ და მთლიანად საავადმყოფო გადავალთ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე, სავარაუდო ინფიცირებული პაციენტები ყველანი ბოქსებში მოთავსდებიან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 31 პაციენტი, დილას 29 იყო და კიდევ ორი დაემატა.