მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტიდან ოთხის წყარო ცნობილია, ორზე სიღრმისეული კვლევა გრძელდება
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტიდან ოთხის წყარო ცნობილია, ორზე სიღრმისეული კვლევა გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ახალი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, გუშინ დილის მონაცემებით იყო 671 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ დაემატა მხოლოდ ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა, დღეისთვის არის 677 დადასტურებული შემთხვევა.

„გამოჯანმრთელების რიცხვი საკმაოდ სოლიდურია – 26 პაციენტი, გვყავდა 393 და დღეისთვის გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობასა და გამოჯანმრთელებულებს შორის. გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ახალი ინფიცირებული ექვსი პაციენტიდან ოთხის წყარო ცნობილია.

„ინფიცირებულები საკარანტინო სივრციდან, ანუ არსებული წყაროებიდან არიან. ორი პაციენტის სიღრმისეული კვლევა გრძელდება და გაირკვევა, მათ კონტაქტები აქვთ თუ არა და შემდეგ გახდება ცნობილი. ცნობილი კლასტერებიდან არიან, ჩემს სტაციონარში არც ერთი არ მოუყვანიათ. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ არც ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.