მარინა ეზუგბაია - ხელისუფლების ქმედებები ადეკვატურია, რასაც შედეგებიც აჩვენებს, კვლავ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კვლავ ზომიერი, კონტროლირებადი მატებაა, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ქმედებები სწორია.
ამ კომენტარით ეზუგბაიამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც, „თერჯოლის სოფელი ღვანკეთი ჩაიკეტა დღეს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეშვიდე ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქამდე ამბობდნენ, რომ არ იყო ამის აუცილებლობა. თქვენი აზრით, თუ არის სწრაფი და მყისიერი ხელისუფლების ქმედებები სოფლების ჩაკეტვასთან დაკავშირებით“.
ეზუგბაიას შეფასებით, არსებული რეგულაციები ამ ეტაპზე საკმარისია და ჯერჯერობით ზომების უფრო გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ჩვენი მონაცემებით, რაც გვაქვს ქვეყანაში, ჩანს, რომ ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად ნორმალური და ადეკვატურია, კარგია.
ხელისუფლების ქმედებები, ანუ აღკვეთის ღონისძიებების გატარება არის შედეგების მაჩვენებელი, ჩვენ ქვეყანაში კვლავ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად აღკვეთის ღონისძიებები და რეგულაციები, რაც შემოღებულია, ალბათ საკმარისია, კიდევ უფრო გამკაცრება ალბათ გაართულებს სიტუაციას.
ამ ეტაპზე შედეგების მიხედით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურია, ადეკვატურია, დაველოდოთ დინამიურ პროცესებს და შემდეგ ვისაუბროთ, რამდენად იქნება საჭირო კიდევ გამკაცრება, მოხსნა იქნება, თუ როგორ იქნება“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიამ კითხვის საპასუხოდ ისაუბრა ტესტებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ქვეყანაში ტესტების საკმარისი რაოდენობაა.
„გამოჩნდება, ჩემი აზრით, საკმარისია, მაგრამ თქვენ რომ დარწმუნდეთ, დინამიურად დავაკვირდეთ და ვნახავთ, რომ საკმარისი იქნება“ , – დასძინა ეზუგბაიამ.