მარინა ეზუგბაია - ისეთი გამართული მუშაობა, როგორსაც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აწარმოებს, ალბათ ყველა ქვეყნისთვის შესაშურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი 10 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროები ცნობილია.
ეზუგბაიას თქმით, ძირითადი წყარო არის ბოლნისი, შემდეგ მარნეული და ასევე მცირე შემთხვევაში ჩნდება უკვე თეთრიწყაროს ე.წ. კლასტერი.
მარინა ეზუგბაია არ გამორიცხავს, მომავალში კიდევ სხვა წყაროებიც გაჩნდეს, თუმცა, აცხადებს, რომ წყაროებისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობა ალბათ ყველა ქვეყნისთვის შესაშურია.
„ძირითადი წყარო ამ ეტაპზე მაინც არის ბოლნისის, მარნეულის კლასტერი, თეთრიწყარო, მინიმალური რაოდენობით, მაგრამ გამოჩნდა და ვიცი, რომ მოძიებულია ყველა შემთხვევა, ყველა კარანტინშია. აქ არ არიან დიდი რაოდენობით პირები, რომლებიც კონტაქტირებულები იყვნენ.
ვნახოთ, დაცულები არ ვართ, რომ შემდეგში კიდევ ახალი წყაროები გაჩნდეს, მაგრამ იმ ახალ წყაროებში დაავადებათა კონტროლის თავგანწირული მუშაობა, შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი გამართული მუშაობა, როგორსაც დაავადებათა კონტროლი აწარმოებს პირველი დღიდან დღემდე, ალბათ ყველა ქვეყნისთვის შესაშურია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.