მარინა ეზუგბაია - დღეს ჩატარებული ათი ტესტიდან, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი, რომელთა პასუხებს ხვალ დილისთვის ველოდებით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ათი პირის პასუხი, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტესტირება, უარყოფითია.
„ჩვენ დღეს ველოდებოდით ათი პაციენტის პასუხებს. ყველა მათგანი უარყოფითია. მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი. მათზე პასუხს ხვალ დილით გავიგებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტის ასაკიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„80 წელზე უფროსი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ასაკთან ერთად, მას ნერვოლოგიური დაავადება აქვს. მიუხედავად სწორი მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება გადავრჩეთ. კიდევ ორი პირის მდგომარეობა, რომლებზეც ვამბობთ, რომ შედარებით რთული პაციენტები არიან, სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. თუმცამ თითოეულ მათგანთან შესაძლოამ იყოს დაავადების გართულება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.