მარინა ეზუგბაია - ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ინფექციურში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, კლინიკიდან დღეს გაეწერებიან
ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, კლინიკიდან დღეს გაეწერებიან, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიან ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მარიან ეზუგბაიამ აღნიშნა, ჩინეთის ორივე მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ტემპერატურა არ აქვთ.
„თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია სულ ოთხი პაციენტი. აქედან ორ პაციენტს დაუდგინდა H1N1, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მკურნალობას განაგრძობენ. ამათთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია, არსებული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. მათი ზოგადი მდგომარეობა დღეისთვის თითქმის დამაკმაყოფილებელია. განაგრძობენ მეთვალყურეობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, ამიტომ, საჭიროებს კვლევის გაგრძელებას, რომლის საბოლოო პასუხს დაახლოებით ორი ან სამი დღე სჭირდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან ჩამოსული პირები პერიოდულად აკითხავენ, თუმცა დაავადება არ არის გამოვლენილი.
„ისინი ინფიცირებულები არ არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ტემპერატურა და სხვა კლინიკური სიმპტომები არ აქვთ. ასეთი პაციენტები მოდიან ჩვენთან, იღებენ კონსულტაციას, ბრუნდებიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და განაგრძობენ მეთვალყურეობას 14 დღის განმავლობაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.