მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწყებულ მედიკამენტების კვლევის პროცესში საქართველოც ჩაერთვება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწყებულ მედიკამენტების კვლევის პროცესში საქართველოც ჩაერთვება.
რაც შეეხება მედიკამენტებს, ეზუგბაია მათი დასახელებისგან თავს იკავებს.
კერძოდ, ამ კომენტარით მარინა ეზუგბაიამ უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაიწყო მედიკამენტების კვლევა, სადაც ჩაერთვება საქართველო. საუბარია ოთხ პრეპარატზე – „პლაქვენილზე“, ასევე სხვა პრეპარატებზე და მათ შორის პრეპარატზე, რომელიც შიდსის სამკურნალოდ გამოიყენება. თუ არის უკვე დაწყებული კონსულტაციები?“.
„კონსულტაციები უკვე დაწყებულია, შეჯერებულია და ამ სოლიდარულ კვლევაში ჩაერთვება საქართველო. როცა ჩაერთვება, შედეგები გექნებათ. აქ ყველაფერი გაწერილია. რაც შეეხება მედიკამენტებს, არ ვსაუბრობ. ეს არ არის ასე სალაპარაკო თემა, ეს ცოტა სათუთი თემაა. მკურნალობას ქუჩიდან არ ვაწარმოებთ. ამ მედიკამენტების ეფექტურობაზე ჯერ არ არის ასეთი დარწმუნებითი კვლევები, გრძელდება. რადგან კვლევა გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ დადასტურებული ეფექტები ჯერ არც ერთი პრეპარატის მიმართ არ არის, თუმცა გამოიყენება თქვენს მიერ დასახელებული პრეპარატები. მათი გამოყენება გრძელდება, ჩატარებული ერთი დიდი კვლევის შედეგებს დადებენ და იტყვიან, უპირატესი რომელია. ამ ეტაპზე, ყველა ეს პრეპარატი გამოყენებულია და ინდივიდვალურ რეჟიმში ხდება შერჩევა ქვეყნის, ექიმებისა, თუ კლინიკების მიერ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.