მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტისთვის „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნაზე გადაწყვეტილება კლინიკურმა ჯგუფმა უნდა მიიღოს, რადგან პრეპარატს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები აქვს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ძირითადად ყურადღება დაეთმო პაციენტების კლინიკაში მართვის მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს.
მისივე თქმით, ამ კუთხით განიხილეს მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების პირობები. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, პაციენტისთვის დასახელებული მედიკამენტის დანიშვნა მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების ერთობლივი მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს.
„ძირითადად ყურადღება გამახვილდა პაციენტების კლინიკაში მართვის სწორ მენეჯმენტზე. მთავარი თემა, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ყველა მედიკამენტი, ყველა წამალი ეფექტურია, როდესაც ის ინიშნება დროულად, სწორად. ამ მედიკამენტსაც აქვს თავისი დანიშვნის ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკის კლინიკური ჯგუფი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების დინამიკა თუ გაგრძელდება, გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება.
„კორონავირუსის გავრცელების მატებასთან ერთად, სიკვდილობის მაჩვენებელი თანდათანობით იზრდება. როდესაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იმატებს, იმატებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობაც. ეს კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. გარდაცვალების პიკი ახლა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ უკვე შემსუბუქებასთან ერთად, შეიძლება, ლეტალობის შემცირება დაიწყოს. მომავალში ინფიცირების რაოდენობის შემცირების დინამიკა თუ გაგრძელდება ან თუნდაც გარკვეული პერიოდი ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, ნელ-ნელა დაიწყება გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის შეჩერებას და კლებას ჯერ ვერ მოჰყვება ლეტალობის შემცირება, არამედ ეს იქნება 2-3 კვირის შემდეგ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.