მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტი კი უკვე დადასტურებული დიაგნოზით ბათუმიდან ამ წუთებში გადმოყავთ.

რაც შეეხება ძველ პაციენტებს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„ორი მძიმე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა დილის შემდეგ. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. გუშინდელი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მისი მდგომარება დღეს დასტაბილურდა, და იმედია, ხვალ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ვნახოთ, ხვალ მოგახსენებთ მათი მდგომარეობის შესახებ. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სიმძიმისაა. უმეტესობა მსუბუქი მიმდინაროებითაა და რამდენიმე არის საშუალო სიმძიმით მიმდინარე პნევმონიით“ , –  განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ხუთ პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ხუთივეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითი მიიღეს.

ეზუგბაია ამბობს, რომ ტესტი კიდევ 12 პაციენტს ჩაუტარდება.

„დღეს დილას ხუთი პაციენტის ტესტირება მივიღეთ და ყველა უარყოფითი იყო ჩვენთან, დღის მეორე ნახევარში ხდება 12 პაციენტის ტესტირება. პაციენტის ტესტირება, თორემ გარკვეულწილად ჩვენი პერსონალის ტესტირებასაც ვახდენთ, როგორც პროტოკოლით არის, ორი კვირის ინტერვალით, პერიოდულობით, ვისაც სჭირდება, მათი ტესტირება ხდება. ღვთის შეწევნით ჩვენს ცენტრი სამედიცინო პერსონალი არის ჯანმრთელი“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არ შეცვლილა. დღეს დილის მონაცემებით 19 პაციენტი იყო გამოჯანმრთელებულიდა გვრჩება 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი. დღის მეორე ნახევარში ჩატარდება ტესტირება, პირველადი გამოსაჯანმრთელებელი პისიარ დიაგნოსტიკა, ანუ დაავადების იმ პერიოდში, როცა უკვე შესაძლებელია, რომ ვირუსის ელიმინაცია იყოს. ამ დროს შესაზძლებელია გავუკეთოთ პისიარ კვლევა. ვნახოთ, რა იქნება. თუ რომელიმესთან უარყოფითი პასუხი გვექნება, შემდეგ 24 საათის ინტერვალით გავუკეთებთ განმეორებით კვლევას. თუ უარყოფითი იქნება ორჯერადი ტესტირებით, ჩავთვლით რომ გამოჯანმრთელებულია და მიემატება იმ ჩვენს 19 პაციენტს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.