მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ეზუგბაიას თქმით, პაციენტს ვირუსი კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნება.
„ინფიცირებული პაციენტი მაღალი სიფრთხილის გამო იქნა მოთავსებული ჩვენს ცენტრში, რადგან ჩამოვიდა ირანის იმ ქალაქიდან, სადაც გამოვლინდა ინფექციის ახალი შემთხვევები და საკმაოდ მაღალი იყო სიკვდილობის მაჩვენებელიც. ამ პაციენტს შემოსვლისას არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონია, ტემპერატურა იყო ნორმა, ჩივილები არ ჰქონდა, ობიექტური სტატუსიც დამაკმაყოფილებელი იყო, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებითაც არანაირი ცვლილებები არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ეს პაციენტი შეფასდა, როგორც შესაძლო შემთხვევა, რადგან მას ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი. ამიტომ გადმოყვანილი იქნა სასაზღვრო ზონიდან, როგორც შესაძლო შემთხვევა და გაკეთდა კვლევა, დაუდასტურდა ეს ინფექცია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნებოდა ვირუსი. დღესაც ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, კვლავ არ აქვს ტემპერატურა, არც ჩივილები და არ ვლინდება ცვლილებები, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ხოლმე და შესაძლებელია მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს მოხდეს პაციენტის დამძიმება, რომელიც პნევმონიის სახით გამოვლინდება. გრძელდება მეთვალყურეობა და არსებული სიტუაციის დინამიური მონიტორინგით გადაწყდება შესაბამისი დახმარება. მასთან ერთად მყოფ პირს, რომელიც მოგზაურობდა და მოთავსდა ჩვენს ცენტრში, კორონავირუსზე ტესტი უარყოფი აქვს, თუმცა მასთანაც გრძელდება მეთვალყურეობა მთელი საინკუბაციო პერიოდი“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.