მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს დატოვა
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ვსაუბრობდით, რომ ორის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ანუ, თითქმის კრიტიკულთან მიახლოებული, ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურებულია, ახლა სტაბილურად მძიმე რჩება, ერთის მდგომარეობა და მისი პროგნოზი ჯერ ვერ ხდება. ანუ, კვლავ მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და პრობლემური პაციენტია. დანარჩენი მძიმე პნევმონიები სტაბილურად არიან და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დილის შემდეგ ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა. ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

„თქვენ იცით, რომ მონაცემები საათების მიხედვით იცვლება. არ შეცვლილა დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობა. ამ ეტაპზე, რა ინფორმაციაც მაქვს, კვლავ 252 რჩება. გამოჯანმრთელებულების რიცხვმა მოიმატა. დილას იყო 63, ახლა არის 67. აქედან ოთხი პაციენტია ჩვენგან. დილით იყო სამი, ერთი დაემატა დღის მეორე ნახევარში და ოთხივემ კლინიკა დატოვეს“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.