მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 31 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსული ინფექცია აქვთ, დამაკმაყოფილებელია.
როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, კლინიკაში არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები, თუმცა ყველას მდგომარეობა არის სტაბილური.
„საკმაოდ მძიმეა 86 წლის ქალბატონის მდგომარეობა. არის სტაბილურად მძიმე, საყურადღებო ასაკისა და თანხმლები დაავადებების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ვცდილობთ, ყველაფერი დასრულდეს კარგად“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 11 პაციენტს აქვს პნევმონია, თუმცა მათ მდგომარეობა სტაბილურია.
„საერთ ჯამში ამჟამად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად წევს 47 პაციენტი, 31 ვიცით დადასტურებულია, აქედან ნაწილის პასუხი ვიცით და დღეს გაეწერებიან. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, დამაკმაყოფილებელია. მსუბუქი სიმპტომები აქვთ, მაგრამ მათთან რაიმე განსაკუთრებული არ არის, პროგნოზი კეთილსაიმედოა ყველასი“, – განაცხადა ენდელაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა დადასტურებულ ახალ სამ შემთხვევაზე და აღნიშნა, რომ ისინი ინფექციურ საავადმყოფოში არ იმყოფებიან.
„ახალი ინფორმაცია გვაქვს, შეიძლება სასიამოვნო არა, მაგრამ იმედს გაძლევთ, რომ ჯერ ბევრი არ არის ინფიცირებული. დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენ კლინიკაში არ არიან მოთავსებული. ვერ გეტყვით ამ ეტაპზე რომელი კლასტერიდან არის ან ახალი შემთხვევა არის თუ არა“, – განაცხადა ენდელაძემ.