მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებზე მისი პარტიის წარმატების შემთხვევაში, არჩეული პრემიერ-მინისტრი კიევს არ მისცემს უფლებას, ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს
მარინ ლე პენის განცხადებით, 7 ივლისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თუ მისი პარტია წარმატებას მიაღწევს, მაშინ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას არა მაკრონი, არამედ პრემიერ-მინისტრი მიიღებს. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „სიენენის“ ჟურნალისტთან, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ნომინალური ლიდერის თქმით, მისი პარტიის რიგებიდან არჩეული პრემიერ-მინისტრი კიევს არ მისცემს უფლებას, გამოიყენოს ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე და ასევე ხელს შეუშლის პრეზიდენტ მაკრონის განზრახვას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგი ჯარისკაცები გააგზავნოს.
„ემანუელ მაკრონს თუ სურს უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნა და პრემიერ-მინისტრი ამის წინააღმდეგია, მაშინ უკრაინაში სამხედროები არ იქნებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
მისივე თქმით, მისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს უკრაინაში მიმდინარე ომში საფრანგეთის „თანამონაწილედ გადაქცევა“.
ცნობისთვის, საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებას მიაღწია მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და როგორც „სიენენი“ წერს, სავარაუდოდ, მეორე ტურის შედეგად საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ამ პარტიის ლიდერი ჯორდან ბარდელა დაიკავებს.